четверг, 16 июня 2011 г.

მოკლე გამონათქვამები


ლიტერატურულ მრავალთა და ნაწარმოებთა განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების შესახებ: აფორიზმი, ანდაზა, სენტენცია, მაქსიმა და დევიზი.
ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
ავი შვილი დედმამის ჭირიაო
ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
ავმა რა ქნა - ავის მეტი
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო
კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება
კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო
მოთმინება - სამოთხის გასაღებია
მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
მომრევის მომრევი არ დაილევაო
მოჩქარეს მოუგვიანდესო
მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი
ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო
ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო
ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო
               აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

среда, 15 июня 2011 г.

ჰაგიოგრაფია–იაკობ ცურტაველი

იაკობ ცურტაველი

იაკობ ცურტაველი (ხუცესი), V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია "შუშანიკის მარტვილობისა" ("წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ"), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.

იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476-483, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 დაესწრო საეკლესიო ეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურთავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისუ, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. "შუშანიკის მარტვილობით" იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.

იაკობ ცურტაველი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოსველების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და დრამატული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, ქრისტიანობისა და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. "შუშანიკის მარტვილობა" ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს "შუშანიკის მარტვილობის" მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე ეწდაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940-ისა.

ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1935), რუსულად - კ. კეკელიძემ (1956), ვ. დონდუამ (გამოქვეყნდა 1978), ფრანგულად - ს. წულაძემ, ინგლისურად - ე. ფულერმა, გერმანულად - ნ. ამაშუკელმა, ესპანურად - მ. იშტვანოვიჩმა. ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის დ. ლანგს (1956). 1978 ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა "შუშანიკის წამების" 1500 წლისთავი. იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 აღინიშნება "შუშანიკის წამების" 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.

პოეზია–გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში. უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემოქმედება


გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა.შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

პროზა–დავით კლდიაშვილი

პროზა მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება მეორე ძირითადი ფორმის - პოეზიისაგან მხატვრული მეტყველების ორგანიზაციით. პროზაში მეტყველების მთლიანი ნაკადი მიისწრაფვის მხოლოდ წინ და მისთვის დამახასიათებელია ისეთივე პაუზები წინადადებებისა და სინტაგმების ბოლოს, როგორც ეს ჩვეულებრივ მეტყვეებას ახასიათებს. პოეზიისგან განსხვავებით პროზის რიტმი აგებულია სინტაქსური კონსტრუქციების (წინადადება, პერიოდი, კოლონი) მიახლოებით თანაზომადობაზე, რაც ქმნის მხატვრული პროზის ნაწარმოების ერთ მთელიან ქარგას და რითიც ის განსხვავდება სამეცნიერო ნაშრომებისაგან ან საყოფაცხოვრებო ხასიათის ტექსტებისგან.
მხავრული ლიტერატურის ერთ-ერთ ძირითად ფორმად პროზა XIX საუკუნეში გაფორმდა. მანამდე პროზაში იგულისხმებოდა ყველა სახისა და ხასიათის არამხატვრული ტექსტი. მხატვრული პროზის პირველ ჟანრულ ფორმად ითვლება რენესანსის ეპოქის ნოველა. XVIII საუკუნიდან, განსაკუთრებით კი XIX საუკუნეში ვითარედება ისეთი ჟანრები, როგორიცაა მოთხრობა, რომანი და სხვ.
პოეზიისაგან განსხვავებით პროზაში სიტყვას, როგორც ენობრივ ერთეულს, ეცვლება სტულისტური ფუნქცია: ნაკლები ყურადღება ექცევა ბგერწერასა და მარცვლობრივ-მახვილობრივ შედგენილობას, ხოლო მეტი - სიტყვის სემანტიკურ მნიშვნელობას, მის გამომსახველობით ფუნქციას. პროზაში კონსტრუქციის რიტმს არეგულირებს მისი სემანტიკური მხარე. თუ პოეზიაში, განსაკუთრებით ლირიკაში, ისმის, უპირველეს ყოვლისა, ავტორისეული ხმა, რომელიც მოგვითხრობს ან სიუჟეტურ ამბავს, ან საკუთარ განცდათა შესახებ, პროზაში ბევრი ხმა ისმის: ავტორისეული თხრობა, მოქმედ პირთა ხმები, "შინაგანი ხმაც" კი და მათი ურთიერთმოქმედება ხშირად კომპოზიციის ერთ-ერთი საფუძველია. პოეზიისა და პროზის გვერდიგვერდ არსებობს მანძილზე შეიქმნა მათ შორის შუალედური ფორმებიც - ლექსი პროზად, რიტმული პროზა, მაგრამ პროზისგან პოეზიას ყოველთვის გამოყოფს სიტყვის ლექსის საზომით ორგანიზაცია.
დავით კლდიაშვილი


ბიოგრაფია

დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების მანძილზე უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან; გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო. 1905—1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

შემოქმედება

კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი გზის დასწყისად 1893 წელი უნდა მივიჩნიოთ, როცა ჟურნალ „მოამბეში“ კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა“ გამოქვეყნდა. სოციალური ჩაგვრით, უმეცრებითა და ცრურწმენით მოცული სოფლის ფონზე კლდიაშვილმა მძაფრი ტრაგიზმიტ დაგვიხატა გაუნათლებლობისა და სიხარბის მსხვერპლი — გლეხი კაცია საგუნაშვილი. ასევე ცრურწმენასა და მავნე ტრადიციებს შეეწირნენ მარინე და ფეფენა („მსხვერპლი“, 1894). მოგვიანებით მწერალი დაუბრუნდა ამ თემას და მოთხრობა „მიქელაში“ (1904) ასახა ოჯახის გადაშენების ფანატიკური შიშით შეპყრობილი მორწმუნე კაცის უნეგეშო ყოფა. კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი — ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა.
კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვა — პრველად გამოჩნდა მოთხრობა „სოლომონ მორბელაძეში“ (1894). ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა, გაღატაკებული, ზნეობრივად დაკნინებული აზნაური სოლომანი სასარგებლო შრომას თაკილობს და მაჭანკლობით შოულობს ორიოდე გროშს. სოლომანი თვითონ ებმება ტყუილების ბადეში, ასე გულდაგულ რომ მოამზადა. განუყრელ ჯორზე ამხედრებულ ხელმოცარულ მაჭანკალს ისღა დარჩენია „ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრების“ წყევლით იჯეროს გული. ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს (მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“, 1897). მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს — ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს. მოზიარის გაჩენა ადამიანურ სახეს უკარგავს გაშმაგებულ პლატონს. წარსულის მოგონებით, ილუზიებით სულდგმულობს მოხუცი ეკვირინეც („ქამუშაძის გაჭირვება“, 1900). მისი შვილი აზნაური ოტია ქამუშაძე, პლატონის მსგავსად, მუხლჩაუხრელად შრომობს, მაგრამ შიმშილისა და გაჭირვებისათვის თავი ვერ დაუღწევია. ქალაქელი მეუღლის სონიას დაჟინებული რჩევით, სასოწარკვეთილი ოტია ქალაქს მიაშურებს იმ იმედით, რომ იქ მაინც იპოვის ცხოვრების სახსარს, ამავე მოთხრობაში კლდიაშვილმა „ახალი ცხოვრებისათვის დაგეშილი“ გაქალაქებული აზნაურების პორფირე ბიაშვილისა და ბეგლარ ჯინჭარაძის ზნეობრივად დეგრადირებული სახეები დაგვიხატა. ერთ დროს წარჩინებული საგვარეულოს მანველიძეების ნაშიერი. სულიერად დაცარიელებული როსტომი უკიდურეს სიღატაკეში ელის თავისი ცხოვრების დასასრულს, „ყველაზე გულგატეხილი, ყველაზე გულდაწყვეტილი“ („როსტომ მანველიძე“, 1910).ცხოვრებისეული „უტყური მასალა“, რომელსაც მწერალი იყენებს, უნუგეშოა და უსასოო. მწერალი მწვავედ განიცდის ამ უნუგეშობას, ეძიებს გზებს ადამიანის სრულყოფისათვის, მისი ზნეობრივი განწმენდისათვის. განწირულ „შემოდგომის აზნაურებს“ იგი წარმოგვიდგენს დიდი ჰემანიზმით გამთბარი ტრაგიკული ინტონაციებითა და იუმორით; საერთოდ, ტრაგიკულისა და კომიკურის მონახვლეობა კლდიაშვილის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, რაც კათარსისისათვის არის მოწოდებული. მხოლოდ იშვიათად მიმარტთვას მწერალი მძაფრ, დაუნდობელ სატირას („ბაკულას ღორები“, 1920).
კლდიაშვილის შემოქმედებაში ერთგვარი დისონანსი შეაქვს მის ადრინდელ მოთხრობას „წრფელი გული“ (1896), რომელსაც მწერლისათვის უჩვეულო დიდაქტიკურიელფერი ახლავს. მოთხრობაში ასახულ ყოფით კონფლიქტს, ე. წ. „სიყვარულის სამკუთხედს“ ძლევს ქართველი ქალის კდემამოსილება. კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილე გამოხატა მან პიესებში „ირინეს ბედნიერება“ (1897), „დარისპანის გასაჭირი“ (1903)და „უბედურება“ (1914), რომლებიც მისი შემოქმედების მთავარ პათოსს — უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებას გადმოსცემენ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედია „დარისპანის გასაჭირმა“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენაზე. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს, მაინც არ იშლის. კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რომლის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა მას. კლდიაშვილი დაუბრუნდა 1914 წლიდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას და 1925 წელს გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რომელიც ქართული მემუარული ლიტერატურის მშვენებაა. 1924—1926 დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა კლდიაშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.

ლიტერატურა

ლიტერატურა - ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით - მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.
განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით. პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება: მითი, ლეგენდა,ზღაპარი, იგავი, ეპოპეა, ეპოსი, რომანი,ნოველა,მოთხრობა ,დრამა,პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი,ეპისტოლე და მემუარები. პოეტურ ნაწარმოებებს მიეკუთვნება: ლექსი, პოემა, ეპოპეა და ეპოსი.
ლიტერატურულ ნაწარმოებთა განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების შესახებ:აფორიზმი, ანდაზა, სენტენცია, მაქსიმა და დევიზი.
ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის ისტორიას და ფორმებს, იცნობს მისი განვითარების სტილებს და პერიოდებს: რენესანსი, კლასიციზმი, ბაროკო, რომანტიზმი და მოდერნიზმი. ლიტერატურის განსაზღვრების თანახმად, ლიტერატურულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება როგორც „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“, ასევე ბიბლია, ქართლის ცხოვრება და საქართველოს კონსტიტუცია. უფრო ხშირად ტერმინი ‘ლიტერატურა’ ესმით როგორც ბელეტრისტიკა ანუ სიტყვაკაზმული მწერლობის (მოთხრობები, რომანები) ნაწარმოებთა ერთობლიობა. ლიტერატურული ნაწარმოებები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს: ჰაგიოგრაფიული, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი, მაგ. „შუშანიკის წამება“; ისტორიული, მაგ. კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, თუკიდიდეს “პელორონესის ომი”, ე. გიბონის “რომის იმპერიის რეგრესი და დაცემა; ბიოგრაფიული, მაგ. პლუტარქეს „კეთილშობილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება“; ფილოსოფიური, მაგ. პლატონის „დიალოგები“; სამეცნიერო, მაგ. ჩ.დარვინის “სახეობათა წარმოშობა”, ჟ.–ა. პუანკარეს “მეცნიერება და ჰიპოთეზა”, ზ. ფროიდის ნაწარმოებები; პოლიტიკური, მაგ. ნ. მაკიაველის “პრინცი” , ციცერონის, თ. ჯეფერსონის, უ. ჩერჩილის და სხვათა ნაწარმოებები.